შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ოქსფამითან" პარტნიორობით განხორციელდა.
პროექტის "თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში ასოციაცია "შავი ზღვის ეკო აკადემიასა" და საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამთან" პარტნიორობით, მოხალისე-მაშველთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა. 15 ივლისს პროექტის შემაჯამებელი იმიტირებული სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოხდა.
ნაჩვენები იყო მდინარე აჭარისწყალის მარცხენა სანაპიროზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მდინარის კალაპოტში ჩავარდნილი ავტომობილიდან 2 მგზავრის ამოყვანა. ამ სამაშველო ოპერაციაში, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოხალისე-მაშველებიც იყვნენ ჩართულები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის გამოცდილების გაზიარება კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამოვლენა.
ღონისძიებას კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ჩართული, სომხეთიდან ჩამოსული წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.