ოპოზიციონერის თქმით, რამაზ ნიკოლაიშვილი ხშირად მართავს გურიაში სხვადასხვა შეხვედრებს: _ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ურეკში რამდენიმე დღის წინ, ის შეხვდა სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს. შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ “ვინმემ არც გაბედოს და გუნებაში არ გაივლოს “ქართული ოცნების” არსებობა და ვინმემ არც გაიფიქროს, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” წააგებს არჩევნებს. თუ ვინმე არ გაითვალისწინებს ამ ნათქვამს, მას რამაზ ნიკოლაიშვილთან ექნება საქმე! _ ამბობს სალუქვაძე.
“გურია ნიუსი” ამ და სხვა საკითხების შესახებ რამაზ ნიკოლაიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
_ ზეპირად ყველაფრის თქმა შეიძლება. “თავისუფალი დემოკრატების” კომენტარებზე მე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებ. საკმაოდ დაკავებული ვარ, უამრავი საქმე მაქვს და ეგეთი სისულელეებისთვის, რაც მანდ განცხადებები კეთდება, არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მათ შორის გურიაში _ ჩოხატაურისთვის, ოზურგეთისთვის, ბახმაროსთვის, ლანჩხუთისთვის. ასევე, ზღვის სანაპირო კეთდება, უამრავი პროექტი ხორციელდება. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და ნახოთ, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს, ის გააპიარეთ და ის კი არა, ვინმემ ვიღაცასთან რა თქვა. ღმერთმა ხელი მოუმართოს “თავისუფალ დემოკრატებს”, ეს მაგათი პრობლემაა, ჩემი პრობლემაა ყველა პროექტი, რომელიც დასახულია გურიაში და საქართველოში, დროზე გავაკეთოთ. მაგისი კომენტარების გაკეთებისთვის ნამდვილად არ მაქვს დრო.
_ ჩვენ ინფორმაციას ვამოწმებთ.
_ ჩემთან რატომ ამოწმებთ? დადონ ფაქტები.
_ ბატონო რამაზ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავაფიქსიროთ მეორე მხარის, ამჯერად, თქვენი პოზიცია.
_ მეორე მხარე რატომ უნდა ჩაწერო, ვერ ვხვდები. რა კითხვას მისვამთ _ გურიაში ჩამოვდივარ თუ არა? გურიის გუბერნატორს ვხვდები თუ არა? გიპასუხებთ _ ჩამოვდივარ. მე ვარ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. შესაბამისად, თავისთავად ვხვდები გუბერნატორს, ვიცე-გუბერნატორებს, გამგებლებს არა მარტო ამ რეგიონში, სხვა რეგიონებშიც. ხვალ, მაგალითად, სამეგრელოში ვხვდები გამგებლებს (საუბარი ჩაწერილია 7 თებერვალს). “თავისუფალ დემოკრატებს” რა უნდათ? არ ვიმუშაო? ვერ ვხვდები.
_ ბატონო რამაზ, ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები.
_ რას ნიშნავს ეს? ვალდებული ვარ გამგებლებს შევხვდე არჩევნების პერიოდში, მანამდეც და არჩევნების შემდეგაც; ჩემი ვალდებულებაა, ვიმუშაო გამგებლებთან იმ პრობლემებზე, რომელიც არის რეგიონებში. რა შუაშია აქ არჩევნები? მანამდეც ვხვდებოდი. ჯერ როგორ უნდა განსაზღვრონ, გამგებელს რომ დავალებას ვაძლევ, ეს საარჩევნოა, თუ არ არის საარჩევნო.
_ ასევე ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დღეებში თქვენ მოძღვრებსაც შეხვდით.
_ მოძღვრებთან შეხვედრა არჩევნებს ნიშნავს? პატრიარქსაც შევხვდი, ჟურნალისტებსაც ვხვდები და ეს რას ნიშნავს _ არჩევნებისთვის მზადებას?
_ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობს და კენჭს გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში იყრით.
_ ეგ არის გამორიცხული, ტყუილია, სისულელეა. ეგეც დემოკრატებმა თქვეს? ადამიანო, მე ვარ მინისტრი. მთელ საქართველოში ვმუშაობ. როგორ შეიძლება, მარტო გურიის მაჟორიტარი ვიყო? ბევრი საქმე მაქვს _ ობიექტების მშენებლობა, რომელიც დაიწყო არა წელს, არამედ შარშან. იმედია ხედავთ, რაც კეთდება.
_ ბოლოს როდესაც ჩამოხვედით და პროექტების შესახებ ტელევიზიების საშუალებით ამცნეთ საზოგადოებას “გურია ნიუსისთვის” კი თქვენი ვიზიტი უცნობი დარჩა.
_ მოიცადე, გირკელიძე, შენ გარკვეული ფანტაზიები გაქვს. შენი ფანტაზიების დაკმაყოფილებას არ ვაპირებ.
_ უკაცრავად, რა ფანტაზიებზე საუბრობთ?
_ მე, უბრალოდ, ვიკითხე სად იყო შენი ოფისი. ამას კუდი გამოაბი, ჩვენზე ზეწოლა არ გამოგივაო. რა ზეწოლაა, რა სისულელეა? ხომ ცხოვრობ მანდ და უნდა ნახო, რას ვაკეთებ ოზურგეთში და უნდა გიხაროდეს.
_ ბატონო რამაზ, იქნებ გვითხრათ, რა კეთდება?
_ ახლავე დავურეკავ გუბერნატორის მოადგილეს და თუ გინდა, მიდი და ყველა პროექტს განახებს, რომელიც ხორციელდება. მე, პირიქით, მოწადინებული ვარ, სიმართლე დაწეროს “გურია ნიუსმა” და თქვას, გურიაში რაც კეთდება.
_ ბატონო რამაზ, ჩვენ ობიექტურ ინფორმაციას ვაწვდით მკითხველს. თქვენ გვითხარით, ერთი ან ორი პროექტის შესახებ, რომელიც უნდა გახორციელდეს გურიის რეგიონში.
_ არ იცით, რა პროექტებს ვახორციელებთ?
_ არა.
_ ძალიან ცუდია, მაშინ ძალიან ცუდად მუშაობენ ადამიანები, ვერ გავიგე. ამას არ იძახიან “დემოკრატები”, მიდის მუშაობაო?
_ ბატონო რამაზ, მე “თავისუფალ დემოკრატებს” არ წარმოვადგენ. თქვენ გეკითხებით, თუ რა კეთდება გურიაში?
_ მე მითხრან, რისი თქმაც უნდათ! მოკლედ, ბევრ რამეს ვაკეთებ, ლელა თავართქილაძემ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, შეგიძლიათ, თქვენც ნახოთ _ ურეკში ბულვარს ვაკეთებთ თავიდან ბოლომდე, ასევე, ბახმაროს რეაბილიტაცია დაიწყება სერიოზულად _ 20 აგვისტომდე სასტუმროები და სხვა სამუშაოები დასრულებული იქნება. ბევრ სხვა რამესაც გავაკეთებთ. რა, არ უნდა გავაკეთოთ? მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ ოპოზიციურად განწყობილი გაზეთი ხართ, პირიქით, მიმაჩნია, რომ ობიექტურ ინფორმაციას აწვდით საზოგადოებას.