საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე აკაკი კარტოზია დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.