ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიმართავს და პატიმარ რატი მაისურაძის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, რატი მაისურაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სად-ის #7 დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო.
მსჯავრდებულ რატი მაისურაძეს აქვს გულის მძიმე დაავადება. ექიმმა დაუნიშნა ინტენსიური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნა, რაც შეუძლებელია სად-ის #7 დაწესებულებაში, არასათანადო ინფრასტრუქტურისა და გაუსაძლისი ფიზიკური გარემოს გამო.
როგორც მსჯავრდებული განმარტავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
რატი მაისურაძეს აწუხებს უჰაერობა, ესაჭიროება გულზე დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა, რაც შეუძლებელია #7 დაწესებულებაში არსებულ პირობებში.
ცენტრის ინფორმაციით. მსჯავრდებული ითხოვს ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც მას შეეძლება შეასრულოს ექიმის დანიშნულება.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რატი მაისურაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად პასუხისმგებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, ასევე – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მსჯავრდებული რატი მაისურაძე გადაყვანილ იქნას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, რათა მან შეძლოს ექიმის დანიშნულების შესრულება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.