სუფსა-ჩოჩხათი-გულიანი 13 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძესა და ტენდერში გამარჯვებულ შპს "სამკუთხედს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა და შესაბამისი სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღნიშნული გზის მონაკვეთის დაპროექტება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. დაახლოებით ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ პროექტმა გაიარა სამხარაულის ექსპერტიზა, რომლის დადებითი დასკვნის დადების შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა.
"თავიდან პროექტის ღირებულება ოთხი მილიონ 436 ლარს მოიცავდა, თუმცა ვაჭრობის შემდეგ მისი ღირებულება სამი მილიონი ლარით განისაზღვრა. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის, მიმდინარე წელს 900 ათასი ლარი გაიხარჯება. მთლიანობაში კი პროექტი სამ წელზეა გაწერილი და აღნიშნული გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს", – განაცხადა ჩვენთან საუბარში გამგეობის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა მაია აფხაზავამ.
ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად ეს იქნება საკმაოდ მაღალი დონის გზა – გაკეთდება ჯებირები, ხიდები, ბორდიურები, სარკეები.
ჩოჩხათის თემის მოსახლეობამ არაერთხელ მოაწყო აქცია გზის ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მოთხოვნით. როგორც ისინი აცხადებდნენ, გზის უვარგისობამ ხალხი დაავადმყოფა, მანქანები კი მწყობრიდან გამოიყვანა. ჩოჩხათელები სამუშაოების დაწყებას დღედღეზე ელიან და კმაყოფილებასაც გამოთქვამენ, რომ მათ ტანჯვას მალე ბოლო მოეღება.
ხელშეკრულების გაფორმებას გამგებელსა და ტენდერში გამარჯვებულ ფირმას შორის გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, გუბერნიის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რეზო ჯანელიძე და მაია აფხაზავა ესწრებოდნენ.