ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი ლანჩხუთის "გურია" გრიგოლეთის ბაზაზე თითქმის ყველა სპარინგ შეხვედრაში წარმატებით ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, გუნდის შიდა სამზარეულოში ნორმალურ ატმოსფეროზე საუბარი, ცოტა არ იყოს, რთულია.
ცნობილი გახდა, რომ შეკრებაზე მყოფი ექვსი გამოცდილი ფეხბურთელი კლუბმა დაითხოვა. საგულისხმოა, რომ მათ შორის აღმოჩნდნენ კობა შალამბერიძე და ალეკო კოშკაძე, რომლებიც ბოლო ფორმაციის "გურიას" ლიდერებად ითვლებოდნენ და ზედიზედ მესამე სეზონის ჩამთავრებას აპირებდნენ ლანჩხუთში. ყოველ შემთხვევაში, შეთავაზებულ შემცირებულ ანაზღაურებას ისინი დათანხმდნენ და წინასწარ კონტრაქტსაც კი მოაწერეს ხელი.
"რა მოხდა ვერ გეტყვით. გვითხრეს, რომ საჭიროები აღარ ვიყავით. მიზეზი ვერ გავარკვიეთ. მოტივად გუნდის გაახალგაზრდავება სახელდება, თუმცა, რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი დაიტოვეს. არადა, სამედიცინო შემოწმებაც გავიარეთ, კონტრაქტზეც ხელი მოვაწერეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ერთ კვირაში წადითო, გაგვიცხადეს. შემცირებულ ხელფასებსაც დავთანმხდით, რადგან აქ თამაში გვინდოდა, თორემ იგივე პირობებს სხვებიც გვთავაზობდნენ. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხეირიანად ვერც გავიგეთ. მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობას ადებს ხელს, ხელმძღვანელობა კი პირიქით – მწვრთნელს.
აქამდე პირადად არავისთან პრობლემა არ მქონია. გამგებელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ეტყობა კახა გოგიჩაიშვილმა ჩათვალა, რომ საჭიროები აღარ ვიყავით. არ ვიცი, მეტს ვერაფერს ვიტყვით", – განაცხადა ჩვენთან საუბარში კობა შალამბერიძემ.
შალამბერიძისა და კოშკაძის ბედი კიდევ ოთხმა გამოცდილმა ფეხბურთელმა გაიზიარა. მათ შორის შოთა გაბრიჩიძე წინა სეზონშიც "გურიის" მაისურით ირჯებოდა. თენგიზ ჩიკვილაძე ქუთაისის "ტორპედოდან" დაუბრუნდა გუნდს, ხოლო სერგო ორბელაძე და დავით ციცხვაია ჩიკვილაძის დარად ახალწვეულები იყვნენ.
საქმის გასარკვევად პირველად კახა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და კლუბის ხელმძღვანელობასთან გადაგვამისამართა. კლუბის პრეზიდენტმა და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს ტრადიციისამებრ, არ უპასუხა. მასთან კაბინეტში მისულებს კი მისმა მდივანმა გვითხრა – კლუბის სხვა ხელმძღვანელებს მიმართეთ კომენტარისთვისო.
კლუბის ფინანსური დირექტორის თენგიზ კიკვაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება კლუბის ადმინისტრაციამ მიიღო.
"კლუბის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ეს ფეხბურთელები "გურიას" ამ ეტაპზე არ სჭირდება და მათ დაემშვიდობა. ეს იყო მხოლოდ მიზეზი და მათ ნაცვლად რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელი ითამაშებს" – დასძინა კიკვაძემ.
ჩვენი ინფორმაციით, სანამ ამ ექვსეულს კლუბი დაემშვიდობებოდა, მანამდე შეკრებაზე მყოფ ლანჩხუთელ ფეხბურთელებს ოფიციალურად განუცხადეს, არ გვჭირდებით, ბარგი ჩაალაგეთ და სახლებში წადითო. არადა, მანამდე კლუბის ოფიციალური საიტი გულმოდგინეთ აპიარებდა, "გურიაში" რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა ისინჯება და კლუბი აქცენტს ადგილობრივ კადრებზე აკეთებსო.
ასეა თუ ისე, ამ მოულოდნელი ხმაურიანი ინციდენტის შემდგომ, ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა ადგილობრივი კადრების დაბრუნებით "შეეფუთა" სიტუაცია და დაწუნებულ ფეხბურთელთა ნაწილი გუნდში დააბრუნა. ჩვენი ინფორმაციით საუბარია ბახიაზე, ნარიაშვილზე და წერეთელზე, რომლებიც სავარაუდოდ მომავალი სეზონიდან ძირითად გუნდში იქნებიან.