ურეკში გურულმა მაშველებმა 13 წლის გოგონა ზღვაში დახრჩობას გადაარჩინეს. თუმცა, ეს სამაშველო ოპერაცია, მაშველებს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.
“რესპუბლიკული პარტიის“ პრესსამსახური თათუსია ლომთაძე ამ შემთხვევის თვითმხილველია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "ხალხის საოცარი ერთიანობის შედეგად ზღვა დამარცხდა":
_ დღეს, ზღვაში 13 წლის გოგონა იხრჩობოდა, საბედნიეროდ გურულმა მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს, მაგრამ შემდეგ მათ გაუჭირდათ გამოსვლა. ატყდა ხმაური და რამდენიმე წუთში დამსვენებლებმა ჯაჭვი გააკეთეს ზღვაში და მაშველების გადარჩენა დაახლოებით 15 წუთში მოხერხდა.
მე კიდევ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახე. ყველანი ერთად ვცდილობდით, რომ ეს ორი ადამიანი გადაგვერჩინა. საბედნიეროდ, ხალხის საოცარი ერთიანობის შედეგად ზღვა დამარცხდა და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა.
ორი დღის განმავლობაში მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ ბავშვები არ შეიყვანონ ზღვაში, მაგრამ ბევრს ეს არ ესმის. ეს დღეებია ვისვენებ ურეკში და ხშირად გამიგია, როგორ შველიან მაშველები ზღვაში შესულ ადამიანებს, _ გვითხრა ლომთაძემ და ფაქტის ამსახველი ფოტოც მოგვაწოდა.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.
_ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. შემიძლიათ გითხრათ, რომ მაშველებმა დღეს 30 ადამიანი ამოიყვანეს ზღვიდან, _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს პრესსამსახურმა.