უახლოეს პერიოდში შვეიცარიაში ჩატარდება რეფერენდუმი სახელმწიფოს შემოსავლების განაწილებაზე: საინიციატივო ჯგუფმა შეძლო, შეეკრიბა ხელმოწერები იმ ინიციატივის მხარდასაჭერად, რომ ყოველ ზრდასრულ შვეიცარიელს უფლება უნდა ჰქონდეს „ძირითად შემოსავალზე“, არც მეტი, არც ნაკლები, 2 800 დოლარი თვეში.
რომ ეზეიმათ 100 ათასი ხელმოწერის შეკრება, რომელიც აუცილებელია პეტიციის გამოსატანად საყოველთაო ხმის მიცემაზე, რეფერენდუმის ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობასთან ქალაქ ბერნში მიიყვანეს სატვირთო მანქანა, რომელშიც იყო 8 მილიონი 5-ცენტიანი მონეტა (ქვეყანაში მცხოვრებთა რიცხვის მიხედვით) და მიმოაბნიეს ისინი მოედანზე.
რეფერენდუმის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ახალი კანონების მიღების ასეთი მეთოდი შვეიცარიისთვის ჩვეულებრივია – ყოველწლიურად რამდენიმე რეფერენდუმი ტარდება.
სამი თვის წინ შვეიცარიელებმა ხმა მისცეს გაწვევითი არმიის შენარჩუნებაზე. მნიშვნელოვანი რეზონანსი ჰქონდა გაზაფხულზე მოწონებულ ინიციატივას – მკაცრად შეიზღუდოს ტოპ-მენეჯერების ხელფასები.
კარსაა მომდგარი უკვე შემდგომი ინიციატივა: სულ მალე ქვეყანა გადაწყვეტს, შესაძლოა თუ არა, კომპანიის ხელმძღვანელის ყოველთვიური ხელფასი აჭარბებდეს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლის წლიურ ხელფასს. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება საპენსიო უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას: რათა დაზოგონ თანხები საცხოვრებელსა და სამედიცინო მომსახურებაზე, ღარიბ პენსიონერებს წინადადებას მისცემენ, იცხოვრონ ზღვის ნაპირას, მაროკოში.
კანონპროექტი „ძირითად შემოსავალზე“ ითვალისწინებს, რომ ყოველი ზრდასრული შვეიცარიელი სახელმწიფოსგან უვადო მატერიალურ დახმარებას – 2 500 შვეიცარიულ ფრანკს (2 800 დოლარს) მიიღებს, რათა უზრუნველყონ „მოქალაქეთა ფინანსური უსაფრთხოება“.