ხვალ, 6 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადვოკატთა ასოციაცია პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთ შემთხვევას გაასაჯაროებენ.
4 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა დაკავებულმა პირმა ვლადიმერ ბარათაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 3 აგვისტოს, იგი სასტიკად სცემეს პოლიციელებმა ჯერ ისანი-სამგორის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ხოლო მოგვიანებით მესამე მასივის რაიონულ განყოფილებაში.
როგორც ვლადიმერ ბარათაშვილი განმარტავს, მას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა გამეტებით თავისა და სახის არეში, აფურთხებდა და ემუქრებოდა ცოლისა და დის გაუპატიურებით, თუ არ აღიარებდა ძარცვის ჩადენის ფაქტს. ვლადიმერ ბარათაშვილის განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც ვლადიმერ ბარათაშვილი განმარტავს, მას პოლიციის განყოფილებებში გამეტებით ურტყამდნენ რკინის გასაღებს თავის არეში.
დაზიანებები და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი დააფიქსირა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმაც, ასევე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა.
ვლადიმერ ბარათაშვილს ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია. მას ასევე ახსოვს ერთი პოლიციელის გვარი, რომელიც სავარაუდოდ არის მაღალჩინოსანი.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე პრესკონფერენცია ერთი კვირის წინ, 29 ივლისსაც გამართეს.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების მიზნით.