დედოფალი ელიზაბეთ მეორე
ავტობრენდმა "ბენტლიმ" დედოფალ ელიზაბეთ მეორეს ტახტზე ასვლიდან 50-ე იუბილეზე ნამდვილი მეფური საჩუქარი გაუკეთა – ლუქსის კლასის ავტომობილი "რედ ლეიბელი". წითელი ფერის "ლიმუზინი" ავტომწარმოებლის საუკეთესო ოსტატების ხელით იყო აწყობილი. ავტომობილს ორი წელი აწყობდნენ. პირველად დედოფალმა ელიზაბეთმა ავტომობილით 2002 წლის 4 ივლისს ისარგებლა და მას შემდეგ საიუბილეო ღონისძიებებზე "ბენტლი" მუდამ ემსახურება სამეფო ოჯახს.
დანიის დედოფალი მარგრეტე მეორე
დანიის დედოფალს ავტოფარეხში 50-მდე ავტომობილი ჰყავს, თუმცა, მათ შორის დედოფალი უპირატესობას 1958 წლის გამოშვების "როლს როისს" ანიჭებს. აღნიშნული მოდელის "როლს როისი" სულ 25 წელი გამოდიოდა და ის ჯერ კიდევ მარგრეტეს მამამ, მეფე ფრედერიკ მეცხრემ შეიძინა. საინტერესო ფაქტია, რომ პროტოკოლის თანახმად, ავტომობილში დანიის დედოფალი მარტო უნდა იჯდეს, მძღოლის თანხლებით.
მონაკოს მთავარი ალბერ მეორე
მონაკოს თავადის საყვარელი ავტომობილია "ლექსუს LS 600ჰ L". ამ მარკის ავტომობილი ალბერმა თავად აირჩია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა – ავტომობილის ძარა ეკოლოგიურად სუფთა საღებავითაა შეღებილი. საგულისხმოა, რომ მონაკოს მთელი მონარქიული ოჯახი იაპონური წარმოების ავტომობილებით გადაადგილდება.
ყატარის ემირი
ყატარის ემირი ჰამად ბინ ჰალიფა ალ-ტანი, ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით, სპორტული ტიპის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. სპეციალურად მისთვის იტალიელმა ავტომწარმოებლებმა ერთადერთ ეგზემპლარში გამოუშვეს სუპერკარი – "პაგანი ზონდა უნო", 7,3-ლიტრიანი ძრავას მქონე უსწრაფესი ავტომობილი, რომელიც 300 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავითარებს.