ლიბიის საზღვართან, ხმელთაშუა ზღვაში ხის ნავი ამოყირავდა, რომელზეც 600-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 25 მგზავრი დაიღუპა. დაგვიანებით მისულმა მაშველებმა 400-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ექიმების განცხადებით, არასაკმარისი რესურსების გამო ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენა. მათივე თქმით, რომის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისთვის შემთხვევის შესახებ ცნობილი დილის 9 საათზე გახდა, მაგრამ ისინი სხვა სამაშველო ოპერაციაზე იმყოფებოდნენ, რის გამოც ზღვაში ამოყირავებულ ნავის მგზავრებთან მისვლა დაგვიანებით შეძლეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.