"ამიერიდან ქალაქის ცენტრალური ქუჩები სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანებით ყოველ დილით მოირწყვება. ამაზე ოზურგეთის ა.ა.ი.პ. დასუფთავების სამსახური იზრუნებს" – ეს განცხადება, 2012 წლის საარჩევნო ციებ-ცხელები დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
მას შემდეგ სამი წელი გავიდა. სოციალურ ქსელში კი იმ მანქანას ეძებენ, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მორწყავს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ქუჩების მორწყვის და გაგრილების პრაქტიკა იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული, როდესაც გზის საფარი მთლიანად ასფალტითაა დაფარული.
"გამომდინარე იქედან, რომ წელს ოზურგეთის ქუჩებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ასფალტის ზედა ფენა დაზიანებულია. ამიტომ ქუჩების გაგრილება და მორწყვა მიზანშეწონილი არ არის. ხსენებული პროცესი უკუშედეგს გამოიწვევს და ქუჩებს აატალახებს. მომავალი წლიდან კი მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ იარსებებს, რადგან ოზურგეთში კიდევ 16 ქუჩის მოასფალტება იგეგმება.
წყლის მანქანა კი, რომელსაც ა.ა.ი.პ. "სერვის-ცენტრი" ქალაქის ქუჩების მოსარწყავად და გასაგრილებლად იყენებდა, ისევ აღნიშნულ ა.ა.ი.პ.-ს ეკუთვნის. სამსახური იმ ქუჩების გაგრილებას გეგმავს, რომელზეც ასფალტის საფარი მოწესრიგებულია." – გვითხრეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.