13 თებერვალს, ოზურგეთის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა თემურ სალუქვაძემ პრესკონფერენცია გამართა და განათლების სისტემის შესახებ ისაუბრა: “ნაციონალურმა ხელისუფლებამ განათლების სისტემა ძალიან მკაცრ მარწუხებში მოაქცია და მას არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ამზადებს”, _ თქვა მან და აღნიშნა, რომ არა ერთი მასწავლებელი მიდის მასთან და საუბრობს ზეწოლაზე, დაშინებაზე, რასაც ადგილი აქვს მათ მიმართ: “ამასთანავე, ეს პედაგოგები ვინაობის კონფიდენციალობას ითხოვენ. მასწავლებლებიც უნდა იყვნენ გაბედულები და მოტივირებულები, ისინი ჩუმად გამოხატავენ პროტესტს და ეს შიში უნდა დაძლიონ”, _ თქვა სალუქვაძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” განათლების სისტემის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში ახლანდელი განათლების სისტემის რეფორმა დაგმო და ისაუბრა სკოლებში გამეფებულ შიშზე, იმ სავალალო მდგომარეობაზე, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სუფევს: “რესურსცენტრებს ევალებათ, მასწავლებლების საარჩევნოდ “მოვლა”. სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი გენინსპექციის მოვალეობაც, ალბათ, მასწავლებელთა ტერორი, ურჩთა დაშინება და მორჩილთა კიდევ უფრო დაშინება იქნება. დატერორებული მასწავლებელი კი ვერ აღზრდის თავისუფალ მოქალაქეს. თან ისეთ პირობებში, როცა თითქმის იგნორირებულია მშობლიური ენა”.
დასასრულ, ჟურნალისტებმა დასვეს კითხვები და მოითხოვეს მასწავლებლებთან დაკავშირებულ ზეწოლასა თუ მათ საარჩევნო ინსტრუმენტად გამოყენების კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი. თუმცა, როგორც ბატონმა თემურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, პროტესტი, თავად პედაგოგებმა, არა ჩუმად, არამედ ხმამაღლა და ღიად უნდა გამოხატონ.