გასულ კვირას, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წარმომადგენლობა გურიაშიც გაიხსნა. მას ლანჩხუთის რაიონული და ქალაქის საკრებულოების ყოფილი თავკაცი დავით წულაძე უხელმძღვანელებს. “ახალი მემარჯვენეების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავკაცი, მოგეხსენებათ, ამჟამად საკრებულოს წევრია და ოპოზიციურ ფრაქციას წარმოადგენს.
როგორც ცნობილი ხდება, დავით წულაძესთან ერთად, კომისიაში იმუშავებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის ექს-მოადგილე, ადგილობრივი “ნაციონალების” ექს-ბოსი მერაბ ჩხაიძე, რომელიც პოლიტიკას და ედპ-ს დაუბრუნდა. სწორედ ედპ-ს სახელით მოხვდა იგი თავის დროზე პარლამენტში. ბოლო დროს იგი განათლების სამინისტროში მუშაობდა.