შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რევაზ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 88 აბი "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,68554 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.