ივლისში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, გარემოსაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლში მოთავსებული "წითელი ნუსხით" დაცული ბუხრინწას (Tyto alba Scopoli) ოთხი ბარტყი აღმოაჩინეს.
ოთხივე ბუხრინწა თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია წერს.
"რამდენიმე კვირის წინ ბუხრინწას 4 ბარტყი მოგვიყვანეს გასაზრდელად. თავიდან სულ ტიტლიკანები და ცოტა არ იყოს უშნიკოები იყვნენ. ახლა უკვე გაიზარდნენ, ბუმბულებით შეიმოსნენ, გალამაზდნენ და სახეზეც გამოკვეთილად გამოესახათ ამ სახეობისთვის დამახასიათებელი თეთრი გულები.
ფოტოს გადასაღებად რომ მივედით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს რომ სასურათედ დაამწკრივებენ-ხოლმე, დაახლოებით ისე დალაგდნენ. დიდთავა ბავშვები არიან, ამიტომ ხან ერთის თავი ეფარებოდა მეორეს და ხან მეორესი – მესამეს. კარგა ხანს ვეწვალეთ, რომ ოთხივე მათგანი კარგად გამოგვეჩინა, მაგრამ მარჯვენა ზედა კუთხეში მყოფი ბუხრინწა ოდნავ მაინც მიგვეჭყუნა. მარჯვენა ქვედა კუთხეში მდგომიც ცოტა არ იყოს, მიყუდებულ მთვრალ კაცს ჰგავს, მაგრამ არაფერია. საერთო ჯამში სიმპათიურად გამოიყურებიან."