საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 10-11 აგვისტოს დაჭრილი პოლიციელები მოინახულა.
"დღეს მოვინახულე დაჭრილი პოლიციელები. სამწუხაროდ, ეს ორივე ფაქტი ბოლო პერიოდში მოხდა. მინდა, ყველას მივმართო ერთი ემოციის გასაზიარებლად – თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციასაც. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სიმშვიდეს და საზოგადოების ცხოვრების წესს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატივი ვცეთ პოლიციას და პოლიციელებს, ისევე დავიცვათ მათი სიცოცხლე, როგორც ისინი იცავენ ჩვენსას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ურთიერთობის გარეშე ვერ შედგება სამართლებრივი სახელმწიფო.
ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს ვხედავ დაჭრილ პოლიციელებს, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს უმძიმესი დაზიანებები", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ლეიტენანტ ელიზბარ პატარკაციშვილის და პოლიციის მაიორ მალხაზ ქავთარაძის ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მამაცი შვილების გაზრდისათვის და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა პოლიციელებს.