ლანჩხუთის "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში" ხელმეორე რეორგანიზაციის დასრულებას სექტემბრიდან ელოდებიან. ადგილობრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კულტურის სფეროში ხელახალი რეორგანიზაციის ჩასატარებლად სპეციალური დროებითი კომისია ჯერ კიდევ ივნისში შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივებთან ერთად, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული პირებიც შედიოდნენ.
თითქმის, ერთთვიანი მოღვაწეობის შემდეგ აღნიშნულმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და შესაბამისი დასკვნაც დადო, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო გაერთიანების სტრუქტურა.
ჩვენი ინფორმაციით, სტრუქტურა, თუ რა საშტატო განრიგით გააგრძელებს გაერთიანება და მასში შემავალი სუბიექტები მუშაობას, უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა არ გასაჯაროვდება მანამ, სანამ საკონკურსო კომისია არ შეიქმნება. სწორედ, ამ კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ ვინ და რა თანამდებობაზე გააგრძელებს კულტურის სფეროში მუშაობას.
"ჯერ ხელთ არ მაქვს სტრუქტურა, თუ რა სახით ჩამოყალიბდება და გააგრძელებს მუშაობას ჩვენი სამსახური. ახლა საკონკურსო კომისიის შექმნის რეჟიმში ვართ. გარკვეულწილად, მოხდება შტატების შემცირება და სწორედ, შემცირებულ საშტატო ნუსხაზე, კონკურსის წესით შეირჩევა მისაღები კანდიდატურები", _ გვითხრა გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გია იმნაიშვილმა.
როგორც გავარკვიეთ, იქედან გამომდინარე, რომ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი, მას კონკურსის გავლა აღარ მოუწევს, ასევე, კონკურსის გარეშე, გამგებლის უშუალო ბრძანებით დაინიშნება დირექტორის მოადგილეც. იმ პირებისთვის კი, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ითვლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა. არადა, საკმაოდ დაწინაურებულ თანამდებობებზე, დღესდღეობით, ბევრი უდიპლომო მუშაობს.