საბერძნეთის პარლამენტში საერთაშორისო კრედიტორებისგან დახმარების მესამე პაკეტის მისაღებად კანონპროექტი დაამტკიცეს, თუმცა სირიზში ხმები ორად გაიყო.
EURONEWS-ის ცნობით, დოკუმენტის თანახმად, საბერძნეთი დამატებით 86 მილიარდ ევროს დახმარებას მიიღებს. რაც ქვეყანას ევროზონაში დარჩენის საშუალებას მისცემს და გარდა ამისა, გაკოტრებისგან იხსნის.
როგორც ცნობილია, დებატები საბერძნეთის პარლამენტში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელშეკრულებას მხარი 222-მა დეპუტატმა დაუჭირა, 64 წინააღმდეგი წავიდა, მათ შორის 31 სირიზას დეპუტატი, ხოლო 11-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
სირიზას ერთ-ერთმა წევრმა ,პანაგიოტის ლაფაზანისმა, სხდომაზე ციპრასს განუცხადა: _ „მრცხვენია თქვენი. ჩვენ ახლა დემოკრატიის ნაცვლად ევროზონის დიქტატურა გვაქვს.“
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ციპრასმა განაცხადა, რომ მათ ცოცხლად დარჩენასა და თვითმკვლელობას შორის არჩევანი უნდა გააკეთონ.
„ჩემი სინდისი სუფთაა. ეს არის საუკეთესო არჩევანი, რასაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ პირობებში, როცა ეკონომიკურად და ფინანსურად ვიხუთებით.“ _ განაცხადა ციპრასმა.