ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არაკეთილსაიმედო ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების კერაში ატარებს იძულებით ვეტერინარულ-სანიტარულ ღონისძიებებს, უფასო ვაქცინაცია უტარდება ჯილეხის ყველა ამთვისებელ ცხოველს.
ჯილეხი (ციმბირული წყლული) ცხოველისა და ადამიანის საერთო განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება დეპრესია, მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, ქოშინი, წყურვილი, კუჭის აშლილობა, ცხვირისა და პირის ღრუდან სისხლიანი ქაფისებური გამონადენი. კარბუნკულური ფორმის დროს ცხელი, მკვრივი, მტკივნეული შეშუპებები. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, დამახასიათებელია მუქი შეუდებებელი სისხლდენა ცხვირის ღრუდან და სწორი ნაწლავიდან. ცხოველებში ყველა შემთხვევაში დაავადება სრულდება სიკვდილით. ადამიანებში გვხვდება ფილტვისა, ნაწლავის და კანის ფორმა. ფილტვისა და ნაწლავის ფორმა იწვევს ადამიანის რამოდენიმე საათში სიკვდილს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ შეიძინონ ხორცი, ხორცპროდუქტები და სხვა ცხოველური საკვები ბაზრის გარეთ, გარევაჭრობებზე. ცხოველის ნებისმიერი დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინებისთანავე მიმართონ კერძო ვეტერინარ ექიმს ან დაუკავშირდნენ სამსახურის სპეციალისტებს. ტელ: 595221170; 591914850; 591914847.