ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურს კონსტანტინე სარიშვილი უხელმძღვანელებს.
1980-1985 წლებში კონსტანტინე სარიშვილი სწავლობდა მოსკოვის გაზისა და ნავთობის ინსტიტუტში, იგი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში, 2010 დეკემბრიდან კი ოზურგეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1 თებერვალს დაამტკიცა.
დებულების მიხედვით, აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების გახორციელების ხელშეწყობას.
დებულებაში მითითებულია, რომ სხვა საქმიანობებთან ერთად, უფროსმა და სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი. ასევე სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციის მოხდენა. აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.