დღეს სუფსის მოსახლეობამ სოფელ ახალსოფელში, იქ სადაც ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის ოფისის შესასვლელია, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა საპროტესტო მუხტი არახალია და წელზე მეტია გრძელდება. საუბარი ეხება მოსახლეობის კუთვნილი იმ ფართობების კომპენსირების თანხას, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს. სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული სამი ლარი მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისინი გაცილებით მეტს ითხოვენ.
"ქობულთსა და ჩაქვში მოსახლებას 17-დან 27 ლარამდე მისცეს, ჩვენ კი სამათხოვროდ სამ ლარს გვთავაზობენ. სუფსის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაა და სტრატეგიულად არაფრითაა სხვაზე ნაკლები. ჰოდა, თანხასაც შესაბამის ვითხოვთ" – აცხადებენ სუფსელები.
სუფსელებთან შესახვედრად ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც იმყოფებოდა, რომელიც აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ ხუთშაბათისთვის შეახვედრებდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს. "ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ მოსახლეობა რაც შეიძლება კმაყოფილი იყოს, მაგრამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ხუთშაბათს თავად ინფრასტრუქტურის მინისტრი თუ არა, სხვა კომპეტენტური პირები ჩამოვლენ და ხალხს ადგილზე შეხვდებიან. მაშინ გაირკვევა ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი" – განაცხადა ურუშაძემ.
აქციის მონაწილეები გაგებით მოეკიდნენ გამგებლის ნათქვამს და აქციაც ხუთშაბათამდე გადაიდო. თუმცა, მათ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩამოსვლა დააკმაყოფილებს, დანარჩენებს არ ვენდობითო – განაცხადეს.