კომპანია "ორაკლის" დამფუძნებელმა და მფლობელმა ლარი ელისონმა მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 44,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამის წყალობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი გახდა.
70 წლის ელისონი ამერიკულ ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეექვსე ადგილზეა და მისი ქონება 28 მილიარდ დოლარს აღწევს.
კორპორაცია "ორაკლის" საქმიანობა ინფორმაციის გამოყენებასთან, მართვასა და დაცვასთან არის დაკავშირებული. უკვე 30 წელია, ეს კომპანია კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი მწარმოებელია.
ელისონი იმითაც არის ცნობილი, რომ საიალქნო სპორტსა და ჩოგბურთში დიდ ინვესტიციებს დებს. არცთუ დიდი ხნის წინ, მან 200 მილიონამდე დოლარი ჩადო წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცირე დასახლების შესაქმნელად. მასვე ეკუთვნის მამული კალიფორნიაში, რომელიც იაპონიის იმპერატორთა სასახლის ანალოგიით გაშენდა. მისი აშენება ამერიკელ ბიზნესმენს 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.
საინტერესოა, რომ ანაზღაურების მიხედვით, მეორე ადგილზე გასული მენეჯერის, სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი ფირმის "ოსტონ საიენტიფიკის" ხელმძღვანელის რეიმან ელიოტის ანაზღაურება "მხოლოდ" 33,4 მილიონი დოლარია.