სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და პენიტენციური დაწესებულებების მთავარ ექიმებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიმართულება სამინისტროსთვის პრიორიტეტია და სამედიცინო პერსონალს, სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება გააცნო. კახიშვილის განმარტებით, პენიტენციური სისტემის მდგრადობას პენიტენციური ჯანდაცვის გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს. მინისტრი მზადაა თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური ჯანდაცვის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის წინადადებები მოისმინოს და საინტერესო მოსაზრებები გაიზიაროს.
"ჯანდაცვის მიმართულება არის ჩვენი სამინისტროს პოლიტიკის პრიორიტეტი, უკვე რამდენიმე წელია ჯანდაცვის სისტემა ჩვენთან ძალიან ეფექტურია და ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ მოკლევადიან გეგმებზე, რომელიც გვაქვს, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ გრძელვადიანი რეფორმების კუთხით" – განაცხადა კახა კახიშვილმა.
შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, მინისტრის მხარდაჭერა მათთვის დიდი სტიმულია და პენიტენციური ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საფუძველი შეიძლება გახდეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მომდევნო შეხვედრა პენიტენციური ჯანდაცვის წარმომადგენლებთან მომავალ კვირასაც იგეგმება.
(R)