გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩოხატაურში წყლის ხარისხი ყველა ნორმას აკმაყოფილებს და სასმელად ვარგისია.
კვლევა კომპანიამ მას შემდეგ ჩაატარა, რაც "გურია ნიუსმა" მოსახლეობის პრეტენზიები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გააცნო.
სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ კვლევას ჩაატარებდნენ. კვლევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა _ კომპანიამ, რომელიც დაინტერესებული მხარეა და როგორც მოსახლეობა ამბობს, მის მიერ ჩატარებული კვლევა სანდო არაა. თუმცა, ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ კომპანიაში და ამბობენ, რომ წყლის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, წყლის ნიმუში კომპანიის სპეცლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა ქეთევან ჩავლეიშვილმა, 6 აგვისტოს, 12 საათზე აიღო ჩოხატაურში, ლაბორატორიაში კი იმავე დღეს,15 საათსა და 20 წუთზე მიიტანა.
დასკვნის თანახმად, წყალში ბაქტერიები არ არის და იგი სასმელად ვარგისია.