როგორც დაანონსებული იყო, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა საქართველოს გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და სუფსის მოსახლეობას შორის. საუბრის თემა სუფსის მიმდებარე სოფლების ტერიტორიების კომპენსაციის საკითხი იყო, სადაც პროექტის თანახმად, უნდა განხორციელდეს ავტობანის მშენებლობა.
მოსახლეობას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკითხები განუმარტეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ლითანიშვილმა, ამავე დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს უფროსმა, მარიამ გოგიშვილმა და მშენებლობის სამმართველოს უფროსმა, ბეჟან მიმჯორიამ, ასევე იურიდიული სამმართველოს უფროსმა, ფიქრია კვერნაძემ.
საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული კამათის შემდეგ, მხარეები მხოლოდ ერთ საკითხზე შეთანხმდნენ – ასეთი შეხვედრა აქამდე უნდა გამართულიყო. სხვა მხრივ შეთანხმება არ შედგა. მოსახლეობა კვლავაც დაჟინებით ითხოვს საკომპენსაციო თანხების მატებას, მაშინ როცა საგზაო დეპარტამენტი აქამდე ფიქსირებული თანხის მომატებას არ გეგმავს.
"ვატყობ, რომ დღევანდელი საუბარი კონსესუსამდე ვერ მიგვიყვანს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს და იქ გადაწყდეს, თუ რა თანხა გერგებათ რეალურად“"- განაცხადა ირაკლი ლითანიშვილმა.
მოსახლეობა თავის მხრივ დანებებას არ აპირებს. "კი ბატონო, გადაეცით სასამართლოს, მაგრამ იცოდეთ, ყველა დავირაზმებით და გზას აქ არ გაგაყვანინებთ" -აცხადებდნენ სუფსის მაცხოვრებლები.
ვრცელ მასალას ამ შეხვედრის შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.