შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია "სი-თი პარკის" სამი თანამშრომელი – 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ "სი-თი პარკის" თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.