ოზურგეთში, 13 ივლისიდან "ჯავასა" და "ანდროიდ" პროგრამირებაში ტრენინგი მიმდინარეობს. მას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და უკრაინულ კომპანია Skill Up-ის მიერ გადამზადებული ტრენერები – ნიკა კირკიტაძე და დავით ღლონტი უძღვებიან.
ტრენინგის ფარგლებში 25 აგვისტოს ჰაკათონი გაიმართება, რომელშიც დაახლოებით 30 ადამიანი იღებს მონაწილეობას. მონაწილეებმა 10 გუნდის ფორმირება მოახდინეს. ისინი თითქმის 24 საათის განმავლობაში საკუთარი ინოვაციური მობილური აპლიკაციების შექმნაზე იმუშავებენ, რისთვისაც "ჯავასა" და "ანდროიდის" პროგრამულ ენებზე მუშაობის ცოდნას გამოიყენებენ.
ჰაკათონი ქ. ოზურგეთის პროფესიულ სასწავლებელ "ჰორიზონტში" იმართება. გუნდების საკუთარ ნამუშევრებს სამშაბათს, 25 აგვისტოს, 17:00 საათზე წარადგენენ.
ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების გენერირებას, მათ განხორციელებას და სტარტაპ კომპანიებად ქცევას.
ჰაკათონი პროგრამისტების ინტენსიური რეჟიმის შეჯიბრია, რომლის ფარგლებშიც გუნდები მოკლე დროში, ინოვაციური ვებ ან მობილური აპლიკაციის შექმნაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ტერმინი "ჰაკათონი" სიტყვებისაგან "ჰაკ" (hack) და მარათონი (marathon) შეიქმნა. ხშირად ჰაკათონი მრავალმილიონიანი ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანიების შექმნას უწყობს ხელს.

































































