კომპანია „არნაბი 21“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა ჟღენტი, რომელიც "ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს ახორციელებდა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქანდაკების ირგვლივ აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს:
_ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. როგორც ჩანს პოლიტიკური სახე მისცეს მის გადატანას და იმიტომ ატეხეს ასეთი ამბავი. ჩვენ მშენებლები ვართ და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ქანდაკების ერთ-ერთი ფირფიტაა დაზიანებული და ხვალ საღამოს აღდგენილი იქნება. შესაბამისად, გეპატიჟებით ძეგლის სანახავად, _ გვითხრა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ "ალი და ნინოს” ქანდაკების ადგილის შეცვლა რამდენიმე თვის წინ, მისი საძირკველის დაზიანების გამო გადაწყდა. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით სკულპტურა, თავის დროზე, ზღვასთან ახლოს ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა.





























































