24 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომლის ოთხსაკითხიანი დღის წესრიგის განხილვამდე, დეპუტატ ბიძინა გობრონიძეს ვაჟიშვილის შეძენა ოვაციით მიულოცეს. დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ საკრებულოს სხდომაზე მილოცვის ტრადიციად დამკვიდრება ითხოვა და კოლეგებს შეახსენა, დეპუტატ ლალი სიჭინავას დაბადების დღეც არის და ყველამ მივულოცოთო. ქალბატონმა ლალიმ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ კი დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს.
პირველ საკითხზე: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიური რაოდენობისა და თითოეული მოვალეობის შესრულებისთვის ხარჯების მაქსიმალური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ", დავით დარჩიამ და თემურ ბურჭულაძემ ისაუბრეს. მათ განმარტეს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ კარგი გადაწყვეტილება მიიღეს _ სადეპუტატო ხარჯის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ს. კენჭისყრა მალევე შედგა. დეპუტატები უყოყმანოდ დაეთანხმნენ საკითხის წარმოდგენილი სახით დამტკიცებას.
დღის წესრიგის მეორე საკითხი _ "საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" გაუქმების შესახებ", თემურ ბურჭულაძემ წარმოადგინა. დეპუტატ დავით თენიეშვილის ფრაქციიდან გასვლის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსი" გაუქმების ზღვარზე დადგა. დეპუტატებმა კენჭი დადებითად უყარეს ფრაქციის გაუქმებას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე და მეოთხე საკითხი _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", და "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ", ერთ კონტექსტში განიხილეს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე შოთა ართმელაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" დავით ჭაკნელიძის კანდიდატურა (სოფელ შრომის მაჟორიტარი დეპუტატი) დაასახელა. საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, 35 ხმით, კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს. მისი სახით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიას" ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
"ვულოცავთ ბატონ დავითს ამ მართლაც საპასუხისმგებლო თანამდებობას. ეს არის საკრებულოს მხრიდან გამოცხადებული დიდი ნდობა, მჯერა, რომ კომისიის ახალი თავმჯდომარე სამაგალითო იქნება საქმეში და სრულად გაიაზრებს იმ მოვალეობებსა და ვალდებულებებს, რომელიც საკრებულომ დააკისრა", _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.