“გურია ნიუსის” 20 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა გოჩა ფასეიშვილის წერილი სათაურით “წამმზომი ჩართულია”, რომელშიც წერილის ავტორი რიგ ბრალდებებს უყენებს სოფელ წიფნარის რწმუნებულს, უჩა კიკვაძეს. ჩვენ დავუკავშირდით კიკვაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:
_ გაოგნებული დავრჩი წერილის წაკითხვის შემდეგ. გოჩა ფასეიშვილი ჩემი კლასელია. მეამაყებოდა მისი მსოფლიო ჩემპიონობა და დამსახურებები. 2010 წელს მომეცა საშუალება ეს პიროვნება ჩემი ოჯახისთვის გამეცნო. ჩემი შვილები აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ წილად ხვდათ ბედნიერება, გაეცნოთ მამის მეგობარი _ მსოფლიო ჩემპიონი. ჩემმა შვილმა ინტერვიუც კი ჩამოართვა და მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციისთვის თემის დაწერაც გადაწყვიტა. დრო დაარწმუნებს გოჩა ფასეიშვილს, რომ ჩემი მასპინძლობა ყალბი არ იყო და არც არასდროს იქნება.
_ რას გვეტყვით აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით?
_ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ. მე მეამაყება, რომ ვარ წიფნარელი. მადლობა უფალს, ჩემს სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სწორად შეაფასონ პიროვნებები და მათი საქმიანობები. გამოიძიეთ, კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, რა დაიხარჯა და რა არ მოვახმარე სოფელს. გამოძიებასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ, _ თქვა კიკვაძემ.
ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი წერილში მოხსენიებულ ირაკლი შავაძესთანაც, რომელმაც შეკითხვაზე, თუ რატომ შეიტანა საჩივარი ფასეიშვილის წინააღმდეგ, გვიპასუხა:
_ ეს საქმე ძიებაშია და ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
გოჩა ფასეიშვილის ძმამ, ზაზა ფასეიშვილმა, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას უარყო წერილში ხსენებული ფაქტი იმის შესახებ, რომ კიკვაძე “ფულს აწერდა” ფასეიშვილების ოჯახს: _ არა, რას ამბობთ. ეგ თქვენგან გავიგე პირველად. არც ჩემი ძმის წერილის შესახებ ვიცოდი რამე.
ჩვენ ვცადეთ დაკავშირება იმ სამართალდამცავებთან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან აღნიშნულ წერილში _ ვახტანგ მამეიშვილი, მალხაზ მამალაძე. ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა, ნანა კაცაძემ გვითხრა, რომ მამეიშვილი მივლინებით გორში იმყოფება, მამალაძე კი ადგილზე არ არის. ხოლო მას შემდეგ, რაც კაცაძემ შენიშნა, რომ საუბარი იწერებოდა, გვიპასუხა: _ არ ვარ ვალდებული, თქვენს კითხვებს ვუპასუხო.
მამეიშვილის მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით მას და მკითხველს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის მოსაზრებასაც გავაცნობთ.