ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2012 წლის 21 თებერვლის სხდომაზე 8 საკითხი განიხილა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი 2012 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა და 2012 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო.
ცვლილების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 203.3 ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 4 555.7 ათასი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერით 20 000 ლარი გამოიყო; “საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან” _ 540.0 ათასი ლარი; “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” _ 643 272 ლარი.
საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის თანახმად, არაფინანსური აქტივების კლების გეგმა უნდა გაიზარდოს 3.4 ათასი ლარით. აღნიშნულის შედეგად, დამტკიცებული ბიუჯეტის (3 284.2 ათასი ლარი) მოცულობა გახდება _ 4.490.9 ათასი ლარი, საიდანაც მთავრობის განკარგულებით მიღებული (სპეციალური დანიშნულების ტრანსფერი) _ 1 183.3 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს მიზნობრივად შემდეგი დანიშნულებით: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელებაზე _ 643.3 ათასი ლარი; გარე განათების მოწყობაზე _ 75.0 ათასი ლარი; გზების, სანიაღვრე არხების და მილხიდების რეაბილიტაციაზე _ 45.0 ათასი; სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციაზე _ 120.0 ათასი; დაბა ჩოხატაურში ღია სპორტული მოედნისა და პარკის კეთილმოწყობა-რეაბილიტაციაზე _ 255.0 ათასი ლარი (მ.შ. ღია სპორტული მოედნის კეთილმოწყობაზე _ 35.0 ათასი ლარი და პარკის კეთილმოწყობაზე _ 220.0 ათასი ლარი); სანაგვე ურნების შეძენაზე _ 20.0 ათასი ლარი და მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში აღმნიშვნელების რეაბილიტაციაზე _ 25.0 ათასი ლარი. დამატებით გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი _ 20.0 ათასი ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ახლად შექმნილი სამსახურის დაფინანსებაზე. ადგილობრივი შემოსავლების _ არაფინანსური აქტივების კლების გაზრდის შედეგად მიღებული 3.4 ათასი ლარი უნდა მიიმართოს შტატგარეშე მუშაკთა ხელფასების ანაზღაურებაზე, კერძოდ: ტერიტორიულ ორგანოებში _ 1.5 ათასი ლარი და საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურისათვის _ 1.8 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის რწმუნებულებს ხელფასები კომუნალური სამსახურის “სხივის” ხარჯზე გაეზრდებათ _ “სხივს” დაფინანსება 95,3 ათასი ლარით შეუმცირეს და ეს თანხა დაიხარჯება ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულებისა და დამხმარე სპეციალისტების ხელფასების ზრდაზე, მათი სახელფასო ფონდის შესავსებად.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის თქმით, 2012 წლის 1 იანვრისთვის დარჩა საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი _ 79 849 ლარი, “საიდანაც 61.9 ათასი ლარი უნდა მიიმართოს მიზნობრივად იმავე დანიშნულებით, რაზედაც იგი გამოყოფილი იყო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” _ #735 განკარგულებით, კერძოდ: ქვაბღა-ზოტის საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებზე _ 4.0 ათასი ლარი, სოფელ შუაფარცხმისა და სოფელ ჩაისუბნის წყალსადენის მოწყობასა და აღდგენის სამუშაოებზე _ 22.3 ათასი ლარი და დაბის ტერიტორიაზე გარე განათების კეთილმოწყობაზე _ 35.6 ათასი ლარი, 15.0 ათასი ლარი სხვადასხვა ღონისძიებებზეა მიმართული საკრებულოს 2011 წლის 20 დეკემბრის #65 დადგენილებით, ხოლო დარჩენილი 3.0 ათასი ლარი მიიმართოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შტატგარეშე მუშაკთა ხელფასების ანაზღაურებისათვის”.
სხდომაზე წარმოდგენილი გეგმის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვებში 970 046 ლარს დახარჯავს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წელის 30 დეკემბრის #71 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, 18-დან 60-წლამდე ასაკის იმ პირებზე, რომელიც საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას, მედიკამენტის შეძენას, მაგრამ არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, გაიცემა ერთჯერადი დახმარება. განმცხადებელმა საკრებულოში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა; ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ. დახმარება გაიცემა 40%-ის დაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა. ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამედიცინო სტაციონარული მომსახურება 3 000 ლარს ზევით, უბედური შემთხვევა, 60 წელს ზევით ასაკის პირებისთვის, რომელთაც არ აქვთ სარეიტინგო ქულა ან აქვთ 120 000 ზევით) _ არა უმეტეს 500 ლარისა.
ამასთან, ერთად, 3-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო სტაციონარულ მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა ან 70 000-მდე, მაგრამ არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით, მიეცემათ ერთჯერადი დახმარება. ამ კატეგორიის პირებისთვის, დახმარების მისაღებად საჭიროა: განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობა; ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა, ან ანგარიში ბანკიდან; ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დახმარება გაიცემა 50%-ის დაფინანსებით, არა უმეტეს 400 ლარისა. ასევე, 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 001-დან 150 000-მდეა ერთჯერადი დახმარება გაეწევათ.
დაფინანსდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სამედიცინო სტაციონარული მომსახურება და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურება.
საკრებულოს სხდომაზე, ცვლილება შეიტანეს გამგეობის დებულებაში. დამტკიცდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება. და ბოლოს, დაბა ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევს 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპული, მაკარ ბურჭულაძის სახელი ეწოდა, რომლის საფლავი სოფელ სამებაშია.