საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია მერაბ ჟორდანიას, რომელიც დღეს ლანჩხუთში იმყოფებოდა და "გურია" – "საპოვნელას" მატჩსაც დაესწრო.
"ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ ვაცხადებ, რომ გურიის რეგიონის ხმას მივიღებ მე, ან – არავინ. ამას მე როგორც გაღიზიანებული ადამიანი არ ვიძახი. იცით, ალბათ, ჩემი დამოკიდებულება "გურიასთან" მიმართებაში და ვერ წარმომიდგენია სხვაგვარად" – აცხადებს ჟორდანია.
ლანჩხუთში მისი ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირდებოდა და სამომავლოდ ის ყველა რეგიონის მონახულებას აპირებს.
"აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ გამეგო, რას ფიქრობენ აქაური ფეხბურთის მოყვარულები. სამწუხაროდ, რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, მაგრამ არაუშავს, დაგეგმილი არ იყო ეს შეხვედრა. თბილისში კი შევხვდი და ვისაუბრეთ. ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ბევრი კარგი გავიგე მის შესახებ, მაგრამ როგორც მითხრეს, ის სტადიონზე ვერ იქნებოდა და იმ ხალხს ვინც ეს ახალგაზრდა კაცი ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო, ამას არ ვაპატიებ" – დასძინა მერაბ ჟორდანიამ.