კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართული ოთხთა საერთაშორისო ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა საწყის შეხვედრაში მასპინძელ იტალიასთან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა ვერ მოახერხა. დაძაბულ და თვალსასეირო ბრძოლაში იტალიელებმა 91:90 გაიმარჯვეს.
სამწუხაროდ, მეორე და მესამე შეხვედრები ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად სუსტად ჩაატარეს. რუსეთთან ჩვენი გუნდი 69:81 დამარცხდა, უკანასკნელ ტურში კი მიჩიგანის კოლეჯს გაჭირვებით სძლია – 71:70. ტრიესტეს ოთხთა ტურნირით ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა.
5 სექტემბერს ევრობასკეტ 2015 იწყება – საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს ჰოლანდიის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მაკედონიის გუნდებთან ერთად. ჯგუფის თამაშებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების არენა ზაგრები უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის კალენდარი ასეთია: 5 სექტემბერი – ჰოლანდია; 6 სექტემბერი – სლოვენია; 8 სექტემბერი – საბერძნეთი; 9 სექტემბერი – მაკედონია; 10 სექტემბერი – ხორვატია.
მეორე ეტაპზე ჯგუფის მოწინავე ოთხი ნაკრები იასპარეზებს.