შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი ფ. თბილისში, ხოლო 1973 წელს დაბადებული გიორგი გ. გორის რაიონის სოფელ არბოში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფ-მ თბილისში, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში, „გლოკის“ სისტემის ორი პისტოლეტი შეიძინა, რომლებიც შენახვის უფლებით გაიფორმა. აღნიშნული პისტოლეტები მან წინასწარი შეთანხმებით, გიორგი გ-ს 1500 ლარად, უკანონოდ მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, გიორგი გ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო სოფელ არბოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მის მიერ გადამალული, უკანონოდ შეძენილი, „გლოკის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).