გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის დაანონსებული სხდომა დღეს არ ჩატარდა. მიზეზი იყო ის, რომ ლანჩხუთში არ იმყოფებოდა გრფფ-ს პრეზიდენტი კახა ებრალიძე, მის გარეშე კი გამგეობის სხდომის მოწვევა გამორიცხული იყო.
დათქმულ დროზე, ანუ 13 საათზე ფედერაციის ოფისთან ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე და გამგეობის წევრები: იური ჩხაიძე და მერაბ ვანიძე გამოჩდნენ. მოგვიანებით კიდევ ერთი წევრი ჯამბულ კუტალაძეც მოვიდა.
თუმცა, გაიგეს რა, რომ ებრალიძე თბილისში იმყოფებოდა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთან, ლევან კობიაშვილთან შეხვედრაზე, მალევე დატოვეს ლანჩხუთი.
სამომავლოდ რა იქნება, ამაზე კომენტარის გაკეთება უჭირს, როგოც ბენია თავბერიძეს, ასევე გამგეობის სხვა წევრებსაც.
აღსანიშნავია, რომ თავყრილობას არ ესწრებოდნენ გამგეობის სხვა წევრები – რამაზ ფირცხალაიშვილი და ირაკლი ფაცურია. როგორც ბენია თავბერიძემ განაცხადა, ოფიციალური მოწვევა ყველას გაუგზავნა, მაგრამ მოვიდა ის, ვინც მოვიდა.
რაც შეეხება თემას, თუ რა უნდა განხილულიყო ამ გამგეობის სხდომაზე, სავარაუდოდ, ამის გარკვევა ჯერ კიდევ გურიის მხარის ვიცე-გუბერნატორთან შეხვედრაზე მოხდა და ერთ-ერთ მთავარ საკითხად მომავალ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების წარდგენილი გოჩა ტყებუჩავას სხვა, გამგეობის რამდენიმე წევრისთვის მისაღები, კანდიდატურის წარდგენა იგეგმებოდა.
ამ მოვლენების პარალელურად ქალაქის სკვერში ვეტერანი ფეხბურთელების ნაწილი იყო შეკრებილი, მათთან ერთად იმყოფებოდა კლუბ "გურიის" სპორტული დირექტორი ედიშერ ჟორდანია და სხვა თანამშრომლებიც. ისინი აცხადებდნენ, რომ არ ცნობდნენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას და მათი სურვილი იყო, კანდიდატად ლანჩხუთს მერაბ ჟორდანია თუ არა, ლევან კობიაშვილი მაინც წარედგინა.