არსებობს ჩრჩილის მრავალი სახეობა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული აზიანებს შალის, აბრეშუმის, ტყავის ნაწარმს, ბეწვეულსა და ხალიჩებს. ზოგი სახეობა ჩნდება ფქვილში, ბურღულში, აზიანებს სინთეტიკურ ნაწარმსაც კი.
თავისი არსებობის მანძილზე, ჩრჩილი გაივლის განვითარების 4 სტადიას: კვერცხი, მატლი, ჭუპრი და პეპელა. ზიანის მომტანია მხოლოდ მატლი და ტყავიჭამია.
მფრინავი ჩრჩილი არაფერს აზიანებს, მაგრამ სწორედ ის დებს კვერცხებს, საიდანაც იჩეკებიან მატლები. მათ მიერ მოყენებულ ზარალს ადვილად წარმოიდგენთ, თუ გაითვალისწინებთ, რომ ერთი მატლი სიცოცხლეში ჭამს 1 გრ. შალს, ხოლო პეპელა _ ჩრჩილი იმავე პერიოდში დებს რამდენიმე კვერცხს.
საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ბინის სისტემატურად დასუფთავება და განიავება, ხალიჩებისა და ფარდაგების ხშირი რეცხვა, რბილი ავეჯის მტვერსასრუტით წმენდა.
ჩრჩილი არ ჩნდება იმ სამოსში, რომელსაც ხშირად ატარებენ ან მზეზე გააქვთ გამოსაშრობად და გასანიავებლად.
სანამ ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს შესანახავად ჩაალაგებთ, წინასწარ კარგად გაწმინდეთ და 5-6 საათი მზეზე გააჩერეთ (ულტრაიისფერი სხივები სპობს ჩრჩილის კვერცხებს), შემდეგ კარგად დაბერტყეთ.
სუფთა, მშრალი ნივთები, უმჯობესია, ჩააწყოთ პოლიეთილენის პარკებში და კარგად მოუკრათ ან გადაუწებოთ თავი.
ბეწვეული პაკეტებში ჩაწყობამდე გაზეთებში გაახვიეთ.
ქიმწმენდა ჩრჩილის გაჩენის კარგი პროფილაქტიკაა.
კარადებსა და ჩემოდნებში შენახული ნივთების დასაცავად გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები, რომელთა ძლიერი სუნით გაჟღენთილ ტანსაცმელს ჩრჩილი აღარ ეკარება.
ჩრჩილის “შესაშინებლად” კარგია ლიმონის გამხმარი ქერქები, ლავანდა, კაკლის ფოთლები და ჩვილი ტოტები, გვიმრა, თუთუნი.
ნივთებს შორის შეგიძლიათ მოათავსოთ სურნელოვანი საპნები, სუნამოს ცარიელი ფლაკონები, მოძველებული საპუდრე ან ნაჭერში შეხვეული ქაფური.
როგორც აღვნიშნეთ, ჩრჩილი “ვერ იტანს” ტიპოგრაფიული საღებავის სუნს, ამიტომ, შეგიძლიათ, თაროებზე დააფინოთ გაზეთები ან ნივთები შეახვიოთ გაზეთებში. ბეწვის ქუდებში, ხელთათმანებში, ფეხსაცმელებში ჩატენოთ გაზეთები.
თუ ამ ყველაფრის გაკეთება დაგეზარათ, ან არ გყოფნით დრო, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური აეროზოლები. გახსოვდეთ _ აეროზოლი მხოლოდ მფრინავ ჩრჩილს ანადგურებს.