სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს.
ამის შესახებ განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკული კომპანიისგან შესყიდული სამაჯურებით თავდაპირველად არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
"შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით", _ განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ "ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას".
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული 520 000 ამერიკული დოლარი ჯდება, სამაჯურებით კი პირველ რიგში არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.