სულ ახლახან ამერიკულმა ფირმამ "სპორტინგინტელიგენსმა" საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტსმენის გამოვლენა იყო. მსგავსი კვლევის ჩასატარებლად კი, პლანეტის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ფეისბუქი" იდეალურ პლატფორმად გამოდგა.
პოპულარობის მხრივ ნომერ პირველი სპორტსმენი "ფეისბუქში" პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი – კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 9,3 მილიონი მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
მეორე ადგილი არგენტინელ ვარსკვლავს ლიონელ მესის ეკუთვნის, რომლის ფანების რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება რონალდუს თაყვანისმცემელთა არმიას. მესის 4,2 მილიონი ფანი ჰყავს "ფეისბუქზე" და სწორედ მისი მხარდამჭერი გვერდები ზარალდება ყველაზე მეტად ჰაკერებისგან. არსებობს ვერსია, რომ მესის თაყვანისმცემელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს, თუმცა სწორედ ჰაკერები, რომელთა შორის მადრიდის "რეალის" თაყვანისმცემლები ჭარბობენ არ აძლევენ საშუალებას "ბარსელონას" ვარსკვლავს "ფეისბუქში" პირველი სპორტსმენი გახდეს.
ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 4,1 მილიონი ფანით, მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულებს შორის.
მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები, ლეგენდარული კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი განთავსდნენ. შესაბამისად, 3,6 და 3,1 მილიონიანი თაყვანისმცემელთა არმიით.