ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე # 4 კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობას ქალაქის მერია აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ წრიული ეზო, წლების მანძილზე, აქ მცხოვრებთა "უკანა ეზოდ" აღიქმებოდა, სადაც ნაგავის, სამშენებლო მასალის თუ სხვადასხვა ნარჩენების გროვა საზოგადოების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა. პრობლემის შესახებ არაერთხელ დაიწერა ჩვენს გაზეთშიც, თუმცა უშედეგოდ.
ახლა დაწყებული სამუშაოების შესრულებისას, აქ მცხოვრები ზოგიერთი მოქალაქე მშენებლებს ეწინააღმდეგება და შემოღობილი მინი-ბოსტნისა თუ სხვადასხვა მასალის სასაწყობედ ქცეული ადგილების გასუფთავებას უშლის. ერთ მეტად უცნაურ ფაქტსაც წავაწყდით: კორპუსის ერთ-ერთმა მკვიდრმა მალხაზ ჩიჩუამ სხვადასხვა სამშებლო მასალის საწყობი რის ვაი-ვაგლახით, ოთხი მეტრის სიმაღლეზე, აქვე მდგარ ჭადრების ხეზე მოაწყო! სახიფათო ნაშენს ზოგმა ირონიულად "მზეწვიას ბუდე" შეარქვა. თან შიშობენ, აქ საბავშვო კარუსელებიც უნდა განლაგდეს და თუ ხეზე ამ "ხუხულას" დატოვებას აპირებენ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, ვიღაცას მაინც დაეცემა თავში, ახლაც ძლივს იმაგრებს ამდენ ფიცრებსო…
"აქ როგორ დავტოვებ, ამ წუთში ადგილი არ მქონდა, სად დამეწყო? მერე მანქანას მოვიყვან და გადავიტან." –გვითხრა ჭადრების ხეებზე მოწყობილი "ბუდე-საწყობის" პატრონმა მალხაზ ჩიჩუამ.
ჭადრის ხეებზე მოწყობილი ამ უცნაური სანახაობის ფონზე სამუშაოთა მწარმოებელი მურთაზ მეურმიშვილი გვესაუბრება:
"ვერაფერს გავხდი ზოგიერთთან. ორი დღე დამჭირდა, გარაჟზე მიღობილი მვთულბადე რომ მოგვეშალა. თვითნებურად შემორაგვული ადგილები უნდა გაიხსნას და გასუფთავდეს. ხეზე რაა დაკიდებული? აბა რა გითხრათ? ასე იქცევიან. დღეს მოვიყვან სატვირთო მანქანას და ამ გროვებს გავიტანთ, მეტი ლოდინი არ შეიძლება!" – გვითხრა მან.
როგორც მეურმიშვილმა განაცხადა, ეზოს კეთილმოწყობის გარდა, აქ გაკეთდება საბავშვო კარუსელი პატარების გასართობად.