კურორტ ბახმაროს დამსვენებელი გათიშული ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვს.
_ ძალიან ბევრი ადამიანია კურორტზე და ელექტროენერგია არ გვაქვს. აღარ ვიცით ვის მიმვართოთ. ყველა სტრუქტურა ერთმანეთს აბრალებს და ხალხი ზარალდება. 50-50 ლარი აქვს გადახდილი თითო ოჯახს, თუმცა, დენი მაინც არ გვაქვს, _ გვითხრეს დამსვენებლებმა.
მათივე თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა გამგებლის წერილმა გამოიწვია:
_ ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ "ენერგო პრო ჯორჯიას" მისწერა წერილი, რომელშიც ბახმაროს სეზონის დასრულების გამო ელექტროენერგიის გათიშვას ითხოვს. კეთილი ინებოს, ამოვიდეს და ნახოს რამდენი ხალხია კურორტზე. რას ნიშნავს სეზონის დამთავრება? _ დავალიანებაა ტრანსფორმატორზეო! იმ ხალხს გაუთიშონ ვისაც დავალიანება აქვს, ჩვენ რა დავაშავეთ?! ბავშვები გვყავს ამოყვანილი, ამოვიდეს და ნახოს ეს ხალხი, გაესაუბროს, გაიგოს მათი გასაჭირი. ადვილია კაბინეტიდან ბრძანებების გაცემა, _ ამბობენ დამსვენებლები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის ირაკლი კუჭავას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა დავალიანების არსებობამ გამოიწვია:
_ 2 კვირის განმავლობაში ჩემი პირადი პასუხისმგებლობით იყო დენი ჩართული, თუმცა ვალი გაიზარდა, გადახდის მექანიზმი კი არ არსებობს. ენერგო პრო ჯორჯიამ მიიღო ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება, _ გვითხრა კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, გვითხრეს, რომ კომპანიას წერილი მისწერეთ, სადაც სეზონის დასრულების გამო ელექტროენერგიის გათიშვას ითხოვთ… არადა, ბახმაროში საკმაოდ ბევრი დამსვენებელია…
_ დენი გამოირთო იმ უბნებში, სადაც არსებობდა დავალიანება. ბახმაროს ნაწილს ჩვეულებრივად მიეწოდება ელექტროენერგია. კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა სემეკთან და ენერგო პრო ჯორჯიასთან. ჩვენ კომპანიას ვთხოვდით აბონენტები მათ ბალანსზე აეყვანათ და ინდივიდუალური გამრიცხველიანება მომხდარიყო.
ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ბახმაროს არა აქვს დასახლებული პუნქტის სტატუსიც. მივწერეთ შესაბამის სამინისტროს და ვთხოვთ, რომ ეს სტატუსი მიენიჭოს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს ბახმაროს განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც პრობლემებს შეამცირებს, _ ამბობს ჩოხატაურის გამგებელი.