შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის მიხედვით, იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს და თავად უწევთ საკუთარი განათლების დაფინანსება, თანამშრომლობას სთავაზობენ.
კერძოდ, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.
"ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდნენ დროებით სამუშაოებზე (მაგ.: გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ).
პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრმა სასწავლებლებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ 20 სექტემბრამდე მიაწოდონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია.
სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას", _ აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.