საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ჩამობრძანების შესახებ პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადებამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა.
"ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახან გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა.
ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამისი საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.
ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ", _ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.