შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს.
"საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი მათ უვნებლად ჩააბარეს", _ აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.