ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო სირიაში რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სირიის ომში რუსეთის ჩართვა კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუშლის.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა, თუმცა რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ სირიაში მხოლოდ სამხედრო ექსპერტები გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის საჰაერო სივრცე სირიის მიმართულებით რუსეთის თვითმფრინავებმა განუსაზღვრელი რაოდენობით გადაკვეთეს. გარდა ამისა, რუსეთმა სირიაში ორი სადესანტო გემი და ავიახომალდები გაგზავნა.