ბაჩო ახალაიამ მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, – ამის მიზეზებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა, ბაჩო ახალაიას მიერ დაწყებული შიმშილობის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა.
"გუშინ, ბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა მოწმეებზე ზეწოლის შეწყვეტაა, რაც დაშანტაჟებას, ოჯახის წევრებზე მუქარაში გამოიხატება. სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს, ყველაფერი ზიანს აყენებს ქვეყანას. ახალისებს ჯაშუშებს, მაგრამ აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს აშენებდნენ.
ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცე – იბრძოლოს რათა ეს ხელისუფლება მოშორდეს სათავეებს. ეს ბრძოლა არის ჩვენი, საქართველოს ბრძოლა და აქ ნამდვილად გავიმარჯვებთ. არ ვაპირებთ ქვეყანა რუს ოლიგარქს დავუთმოთ, რომლის მთავარი საზრუნავი ქვეყნის გაკოტრება და შემდეგ იაფად მისი ჯიბეში ჩადებაა. ქვეყნის გამყიდველებს ამ ქვეყანაში შანსი არ აქვთ", _ განაცხადა მინაშვილმა.
როგორც "გურია ნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან.
"ბაჩო ახალაიამ გუშინ 19:00 საათზე დაიწყო შიმშილობა. მისი პროტესტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არ უკავშირდება. სასამართლო პროცესების გადადების გამო შიმშილობს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", _ გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.