პარტია ქართული ოცნება რეგიონული ორგანიზაციების გადახალისებას იწყებს. გამონაკლისი არც გურიაა, სადაც, როგორც ამბობენ ადგილებისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია.
"გურია ნიუსის“ ინფორმაციით „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის მდივანი შოთა გოგიბერიძე გახდება, რომელიც გასულ წელს „პატრიოტთა ალიანსის“ წარდგინებით ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა:
_ მსგავსი არაფერი მსმენია, _ გვითხრა გოგიბერიძემ, რომელის განმარტებით, ის პარტიის წევრი არასდროს ყოფილა:
"მე ვიყავი „ეროვნული ფორუმის" წევრი და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი,“ _ დასძენს გოგიბერიძე და აზუსტებს, რომ ახლა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების დაკვირვებითაა დაკავებული:
_ მე უპარტიო კანდიდატი ვიყავი პატრიოტთა ალიანსიდან. ვერ გეტყვით ვიქნები თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რადგან ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.
_ სურვილი გაქვთ?
_ ამ წუთას არაფერზე არ ვფიქრობ.
_ იმ შემთხევაში თუკი დაინიშნეთ, როგორ წარმოგიდგენიათ იმ ადამინებთან ურთიერთობა, რომლებთანაც ერთი წლის წინ სერიოზული დაპირისპირება გქონდათ და რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან?
_ ეს არის ძირითადი შეკითხვა ჩემი კატეგორიის ადამიანის მიმართ და მადლობა ამ შეკითხვისთვის. ვფიქრობ, შეკითხვაშივე გაცემულია პასუხი. მეც დიდი კითხვის ნიშანი მაქვს ამ თემაზე.
როგორც გოგიბერიძე ამბობს „ქართული ოცნების“ მუშაობასთან დაკავშირებით ამ დრომდე აქვს რიგი შეკითხვები, რომლებზეც პასუხს ელოდება.