"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აუქციონზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მდებარე ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურების სადემონსტრაციო-სამრეწველო ნაკვეთები გააქვთ გასაყიდად.
ვაჟა ჩოფიკაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ქონების გასხვისების მენეჯერი, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ნაკვეთები იყო სადემონსტრაციო.
"ამ სადემონსტრაციო ნაკვეთების ფუნქცია იყო, რომ გვეჩვენებინა სოფლის მეურნეობაში ლურჯი მოცვის მიმართულებით მომგებიანი მხარე. სახელმწიფომ დემონსტრაციის მიზნით გამოიყენა ეს ნაკვეთები და აჩვენა , რომ სოფლის მეურნეობაში ნამდვილად მომგებიანია ეს მიმართულება და მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება: სახელმწიფო არ არის კონკურენტი კერძო სექტორის." – გვითხრა ჩოფიკაშვილმა.
მისივე თქმით, მოცვი სოფლის მეურნეობაში მომგებიანია და ამის გამო, აუქციონზე გამოიტანეს ეს ნაკვეთები.
დეტალური ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ ოზურგეთის რაიონის დაბა ნარუჯაში მდებარე უძრავი ქონება მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურების სადემონსტრაციო-სამრეწველო ბაღი, მოცვის და მანდარინის მრავალწლიანი ნარგავები. 15079 ძირი მოცვის ხე დარგულია 4.6 ჰა-ზე, ხოლო 749 ძირი მანდარინი დარგულია 0.725 ჰა-ზე. ნაკვეთზე მოწყობილია წვეთოვანი ირიგაციის სისტემა და სხვა დამხმარე საშუალებები.
პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა და ზემოხსენებული ნაკვეთის მყიდველი არ გამოჩნდა, ახლა სამინისტრო მეორე აუქციონისთვის ემზადება.































































