მომავალი კვირიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების კვირეულს გამართავს.
სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან, კვირეულის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ დამსაქმებელებს უშუალოდ გაესაუბრონ.
კვირეული თბილისსა და თელავში ჩატარდება.
"კვირეულში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, თავდაპირველად უნდა დარეგისტრირდნენ დასაქმების პორტალზე worknet.gov.ge, ხოლო ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს – www.ssa.gov.ge-ს, შემდეგ კი, სპეციალური ბანერის მეშვეობით ვაკანსიების კვირეულზე დარეგისტრირდებიან. რეგისტრაცია ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს გასცემს. პირმა უნდა დაბეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასეევე CV-ის რამდენიმე ეგზემპლიარი. ყველა პირი კვირეულზე მისთვის განკუთვნილ დროზე უნდა გამოცხადდეს", – განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში . როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და პორტალს მალე ახალი ვაკანსიები დაემატება.































































