საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის ს/გზის 29-ე კმ-ზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ელექტრონული ტენდერი გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა.
სამუშაოების ღირებულება 434 630.00 ლარს შეადგენდა.
ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა. საბოლოოდ, გამარჯვება შპს "შარაგზამშენ პირველს" ერგო, რომელმაც სამუშაოების შესრულების ვალდებულება 323 000.00 ლარად აიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2015 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.
ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის თანხმად, ქვაყრილის მოსაწყობად კომპანიას ლოდები უნდა შეეძინა, დაეტვირთა და ტრანსპორტირება მოეხდინა, რაშიც 218 091 ლარია გაწერილი.
სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა, სურების ხეობიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში ლოდებით დატვირთული ათეულობით ავტომანქანა გამოვიდა, თუმცა, არც ერთ შემთხვევაში ნებართვა გაცემული არ იყო.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი დავით ღუღუნიშვილი განმარტავს, ხეობიდან ლოდების წამოღებას ნაპირსამაგრ სამუშაოებთან საერთო არაფერი ჰქონდა:
_ მოსახლეობაში იყო ქვა, რომელიც ხელს უშლიდა ტრანსპორტს. ავიღე, წამოვიღე და ჩავაგდე მდინარე სუფსაში, _ გვითხრა ღუღუნიშვილმა.
მისივე თქმით, სულ 4 კუბური მეტრი ლოდი წამოიღო. ამბობს, რომ ლოდები ნაპირსამაგრი მშენებლობისას არ გამოუყენებია და მხოლოდ მეგობრის თხოვნა შეასრულა:
_ სუფსაში ჩავყარე, აბა, სად წამეღო? მეგობარმა მთხოვა და შევუსრულე თხოვნა, _ ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც "მეგობრის" ვინაობას არ ამხელს.
ხეობიდან ქვების წამოღების შესახებ ინფორმაცია აქვს სოფელ დიდივანის გამგებელს ელენე ზაქარეიშვილს:
_ მე, პირადად, კომპანიის წარმომადგენლები არ მინახავს. თუმცა, ვიცი, რომ როცა სოფელში ამოვიდნენ, თქვეს, რომ ლოდებისგან გზას გაათავისუფლებდნენ. მოსახლეობამ ისიც კი სთხოვა, საკარმიდამო ნაკვეთებში გვაქვს დიდი ლოდები და იქნებ წაიღოთო. დაპირდნენ, მაგრამ აღარ წაიღეს. როგორც ვიცი, ერთ-ერთ ოჯახთან სახლის წინ ჩამოცვენილი ლოდები წაიღეს. დანარჩენები ელოდებოდნენ, მაგრამ არ გამოჩენილან. ესაა, რაც ვიცი. ვერ გეტყვით ჰქონდათ თუ არა შესაბამისი ნებართვა, ან ვინ მოიყვანა სოფელში, _ გვითხრა ზაქარეიშვილმა, რომლის თქმით, სოფლიდან ლოდის წაღების შესახებ მას არავინ ჩაუყენებია საქმის კურსში.
სოფელ ზემოსურების მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ სოროზანიშვილის ინფორმაციით, ხეობიდან ლოდების წამოღების პროცესს პირადად შეესწრო და ამ ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც აცნობა:
_
მარტის ბოლოს, მეგობრებთან ერთად მოვდიოდი, როცა დავინახე, რომ ხეობიდან ლოდები გაჰქონდათ. დავინტერესდი, საქმის კურსში მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავაც ჩავაყენე და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით გუდავაძეც. მითხრეს, რომ ქვები კომპანიას კარგი საქმისთვის სჭირდებოდა და სამაგიეროდ, ადგილზე ხრეშს აიტანდა, _ გვითხრა სოროზანიშვილმა.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის დავით გუდავაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, რა გაკეთდა სურებში და სოფელ ბუკნარის შესასვლელში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიცაა:
_ რატომ მისვამთ მაგ შეკითხვას? მე რა ვიცი, სურებში ან ბუკნარის გადასახვევზე ვინ რა გააკეთა. რა იცით, რომ ვფლობ მაგ ინფორმაციას?!
_ სურების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი ამბობს, რომ სურებიდან წამოღებული ქვების შესახებ თქვენც გაცნობათ და საქმეში გარკვევა გთხოვათ…
_ ოთარი რას ამბობს, მე დიდად არ მაინტერესებს, _ გვითხრა გუდავაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ კითხვების წერილობით გაგზავნა ითხოვა.
1. იცოდით თუ არა, რომ იმ პერიოდში, როდესაც "შარაგზამშენი პირველი" ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებდა, სოფელ სურებიდან რამდენიმე ათეული ავტომანქანა ლოდი ჩამოიტანეს?
2. თუ დაინტერესდით, ჰქონდა თუ არა ნებართვა კომპანიას ლოდების წამოღებაზე და ვისგან? ან თუ აცნობეთ შესაბამის უწყებებს გადამოწმების მიზნით?
3. ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რომ ლოდების სანაცვლოდ სოფელში ხრეში აიტანეს? დაინტერესდით თუ არა, რა მიზნით და ინტერესის გამო აკეთებდა ამას სრულიად უცნობი კომპანია? _ ამ შეკითხვებზე გამგებელს კონკრეტული პასუხი არ გამოუგზავნია:
"არანაირი კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა მანამ, სანამ მათ არ მოიგეს ბუკისციხე-სურების საავტომობილო გზის დიდივანის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპანიის მიერ შესრულებულ ან შესასრულებელ სამუშაოებს, კონკრეტულად, ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრის მოწყობას და სოფელ ბუკნარში ნაგავსაყრელის მშენებლობას, ეს ტენდერები ჩვენს შესყიდვების სამსახურს არ გამოუცხადებია და შესაბამისად, არც მათი გადამოწმებისა და კონტროლის პრეროგატივა გვქონდა," _ მოგვწერა ირაკლი კუჭავამ.
დავით ღუღუნიშვილი ამტკიცებს, რომ ქვები სრულიად უსასყიდლოდ, სოფლის მოსახლეობის თხოვნით წამოიღეს:
_ ერთი ქვა წამოვიღე მხოლოდ, ერთ მანქანაზე ვერ დავდე და ოთხ ნაწილად გავყევი, სულ ეს იყო, _ განმარტავს ღუღუნიშვილი.
თუმცა, სხვა ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი წყარო, რომელიც პირადად კურირებდა ლოდების წამოღების პროცესს:
_ მე მხოლოდ ათი დღე ვიმუშავე და იმ პერიოდში 30 თუ 32 მანქანა წამოვიდა. ვერ გეტყვით, ვისი ნებართვით. მე მხოლოდ შემსრულებელი ვიყავი. მითხრეს, რომ დამეტვირთა და გამეგზავნა ჩოხატაურში. ასეც მოვიქეცი, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ღუღუნიშვილი და გვირჩევს, რომ "ჩვენს მოწმეებს კარგად გავუფრთხილდეთ":
_ კარგად გაუფრთხილდით თქვენს მოწმეებს, კარგად! _ გვარიგებს და ადასტურებს, რომ ოთხი მანქანა ლოდის წამოსაღებად მას ნებართვა არ ჰქონია.
_ საერთოდ კი, იმ ნივთის წამოღებას, რომელიც მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენს, ნებართვა სულაც არ სჭირდება.
_ ბატონო დავით, თქვენ 200 000 ლარზე მეტი გაქვთ გაწერილი ლოდების შეძენაზე. გაქვთ დოკუმენტი, სად შეიძინეთ ქვა?
_ რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ თქვენ არ გაჩვენებთ _ ჩემი შიდა დოკუმენტია. ვისაც საჭიროა, იმას ვაჩვენე უკვე. და საერთოდაც, ვინ ხართ საერთოდ?! მე გუბერნატორს უნდა შევხვდე და ვეტყვი, რომ ეს "გურია ნიუსი" ისეთ საკითხებს წევს მაღლა, რომელიც ხელს შეუშლის უფრო კარგი პირობების შექმნას. ეგ სულაც არაა თქვენი საქმე. თქვენ არ ყოფილხარ ამ ქვეყნისთვის გულანთებული შვილი. რა ჟურნალისტურ გამოძიებაზე მუშაობთ?! სირცხვილია ეს ყველაფერი! თქვენი საქმე არ არის, რაში რა თანხაა ჩადებული და სად წავიდა! არავითარი კანონდარღვევა არ გამიკეთებია. რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი პირადი სურვილი და ვაკეთებ სრულიად უსასყიდლოდ. ვიცი, რომ დაინტერესებული ხართ ამ თემით. დაანებეთ თქვენს მამამთილს თავი (ზემოსურების დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი სტატიის ავტორის მამამთილია, თუმცა ეს კავშირშია არაა საზოგადოების ინტერსების დაცვასთან), სასწაული არ გამაკეთებინოთ! თორემ ყველას გავაგებინებ სოფელში, რომ თქვენ არ გინდათ საქმის კეთება, _ გვითხრა ღუღუნიშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, რომ კონტრაქტორს მასალების შესყიდვის დოკუმენტები მათთვის არ მიუწოდებია, რადგან კომპანიას ამის ვალდებულება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამ მოქმედებების პარალელურად, "შარაგზამშენი პირველი" იგებს ბუკისციხე-ზემოსურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ტენდერს, რომლის ღირებულება 386 990 ლარია.
პროექტზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ მშენებელმა 4500 კუბური მეტრი მსხვილი ფრაქციის ქვა თვითმცლელზე უნდა დატვირთოს და რეზერვში გაიტანოს, რისთვისაც 30 735 ლარი აქვს გამოყოფილი. დოკუმენტში ასევე დაზუსტებულია, მსხვილი ფრაქცია (ანუ ლოდი) კომპანიამ გზის მშენებლობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსზე უნდა დაასაწყობოს. თუმცა, როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ლოდები, რამდენიმე დღის წინ, 20 კილომეტრში, ნაგავსაყრელზე ჩაიტანეს.
ნაგავსაყრელზე ამჯერად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიასთან 21 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას სწორედ "შარაგზამშენი პირველი" აწარმოებს.
ნაგავსაყრელს კი, როგორც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტებშია აღნიშნული, ნაპირსამაგრიც უნდა გაუკეთდეს.
შესრულებელმა უნდა გამოიყენოს ბერმის ლოდები 1.0 მ დიამეტრის ვულკანური წარმოშობის, მოცულობითი წონით 2.4. ტ/კუბ.მ. ამ სამუშაოებისთვის, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია ქვების ავტოთვითმცლელში ჩატვირთვა და ტრანსპორტირება, რისთვისაც 56820 ლარია გამოყოფილი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი დავით ღუღუნიშვილი ამტკიცებს, ლოდები ნაგავსაყრელზე შენახვის მიზნით დაყარა:
_ სხვაგან არ იყო საშუალება. პროექტში კონკრეტული ადგილი არ არის მითითებული.
_ თუმცა, მითითებულია, რომ ხუთი კილომეტრის რადიუსზე უნდა დაასაწყობოთ.
_ იქ არ არის მსგავსი ადგილი. მე კი არ მიხაროდა ამხელა გზაზე წამოღება. აქ ისეთი ფერდობებია, რომ დამეგორებინა, ცუდ შედეგს მივიღებდით _ მდინარეს ჩაკეტავდა და კატასტროფა მოხდებოდა. ამიტომაც წავიღე ჩემს ობიექტზე.
_ თქვენს ობიექტზე იმიტომ ხომ არ წაიღეთ, რომ იქ გჭირდებოდათ?
_ არა, უკან ამოვიტან. და ვერ ვხვდები, რა კითხვებს მისვამთ?! კარგს ვაკეთებ ამ სოფლისთვის და თქვენ რა გინდათ?! უფრო მეტიც _ სურებში, სადაც მაქვს საშუალება, ვცდილობთ, გავაკეთო უფრო ფართო გზა. მაგალითად, თუ პროექტში გზის სიგანე 4 მეტრია, ვცდილობ, გავაკეთო ხუთმეტრნახევარი, რადგან ეს მოსახლეობის თხოვნაა. ვიწრო ადგილებს ვაფართოებთ და სრულიად უანგაროდ. ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს ეკუთვნის ამ სოფელს, ამ სოფლის ისტორიას.
_ ბატონო დავით, გზის გაფართოების მიზანი იმას ხომ არ წარმოადგენს, რომ სწორედ იმ ადგილზე, სადაც კლდეს ჭრით, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად უანგაროდ, ვულკანური წარმოშობის ლოდებია?! სწორედ ის, რომელიც ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოებისთვის უნდა შეიძინოთ?
_ მე რა ვიცი, როგორი ლოდებია?! მე ის ვიცი, რომ პროექტია ცუდად შედგენილი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერი თუ ვთქვი, ბევრი ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება! _ ამბობს ღუღუნიშვილი.
იგი ამბობს იმასაც, რომ მისი მიზანი საქმის ხარისხიანად კეთება და კმაყოფილი მოსახლეობაა, თუმცა, არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა გზის გაფართოების ნებართვა გარემოს დაცვის სამინისტროდან და არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა მოსალოდნელი რისკების შესახებ.
"გურია ნიუსი" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც დაუკავშირდა _ ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის კოკა მელქაძის თქმით, საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია, საკითხის შესწავლა გრძელდება და დასკვნაც მალე გახდება ცნობილი.





































































